"ძალიან გამოცდილი მძღოლი იყო...სამხედროებს ბათუმიდან წვევამდელები უნდა გადმოეყვანათ” - ტრაგედიის დეტალები, რომელმაც ორი ქართველი ჯარისკაცი იმსხვერპლა

დღეს დილით, გამთენიისას, ქობულეთი - ბათუმის შემოვლით გზაზე უმძიმესი ავტოკატასტროფა მოხდა. სატვირთო ავტომობილი და ავტობუსი ერთმანეთს შეეჯახნენ. სამწუხაროდ, ადგილზე დაიღუპა ავტობუსში მყოფი ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო სატვირთო ავტომობილის აზერბაიჯანელი მძღოლი დაშავდა. ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ცნობილი ხდება დაღუპულების ვინაობა. გარდაცვლილები სამხედროები არიან. თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა განცხადება:
"დღეს, ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე, მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე. თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”, - აცხადებს სამხედრო უწყება.
"მაკარაძეების საგვარეულომ, ჩემმა საბიძაშვილომ, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, მოულოდნელად ავტოკატასტროფაში დავკარგეთ, ღირსეული მარეთელი, სამშობლოს სადარაჯოზე მყოფი ლავრენტი მაკარაძე”, - წერს სოციალურ ქსელში ერთ-ერთი გარდაცვლილის ბიძაშვილი. მისი თქმით, ლავრენტი წლებია სამხედრო სამსახურშია.
"ჩემი ბიძაშვილი სამხედრო მოსამსახურე იყო. სამსახურებრეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. ჯარისკაცები მგონი, სენაკიდან ბათუმში მიდიოდნენ. მისი ოჯახი ბათუმში ცხოვრობს. ლავრენტი სენაკში მსახურობდა, ძალიან გამოცდილი სამხედრო. სამშვიდობო მისიებში ნამყოფი, ქვეყნის სადარაჯოზე იდგა”, -ამბობს ჩვენთან საუბარში გარდაცვლილი ლავრენტი მაკარაძის ბიძაშვილი.
გლოვაა ლევან აშორტიას მშობლიურ კუთხეში. ის ჩხოროწყუს სოფელ თაიაში ცხოვრობდა.
"ლევანი ჩვენი სოფლის მაცხოვრებელია. უკეთილშობილესი, არაჩვეულებრივი ახალგაზრდა კაცი. 38 წლის ბიჭი დაგვეღუპა ამ უმძიმესი ავარიის შედეგად. არაჩვეულებრივი ოჯახი ჰყავს. სამი მცირეწლოვანი შვილის მამა იყო ლევანი, ორი ბიჭი და ნაბოლარა გოგონა ჰყავს. ბიჭები მეხუთე-მეექვსე კლასში არიან, გოგონა პატარაა, ბაღში დადის. ლევანი სამხედრო მოსამსახურე იყო, ორი კონტრაქტი დაამთავრა და მესამე კონტრაქტით მსახურობდა...
საოცარი ბიჭი იყო, ძალიან მეგობრული, ყველანაირად დადებითი პოროვნება. ჯერ სოფელში არ ჩამოუსვენებიათ, პროზექტურაშია გადასვენებული, ექსპერტიზა უტარდება. ვიცით, რომ ავტობუსით ბათუმში მიდიოდა და იქიდან წვევამდელები უნდა გადმოეყვანათ ქუთაისში, თუ სენაკში. ლევანი ბავშვობიდან ატარებდა მანქანას, ძალიან გამოცდილი მძღოლი იყო. როგორც ვიცით, საჭესთან თვითონ იჯდა. მის გვერდით იჯდა კიდევ ერთი აჭარელი ბიჭი, ისიც სამხედრო, ლავრენტი მაკარაძე....
ტრაგედიის მიზეზს სამართალდამცავები დაადგენენ. დარჩა უმამოდ მისი სამი არასრულწლოვანი შვილი. მხოლოდ დედა ჰყავს ლევანს, მამა ადრე გარდაეცვალა. ძალიან მძიმე ტრაგედია მოხდა და მთელ სოფელში გლოვაა. ვუთანაგრძნობთ მის ოჯახს, მეუღლეს, დედას, სანათესაოს”, -ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი სოფელ თაიაში მამამზე საჯაია.
რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, ამას სამართალდამცავები დაადგენენ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
