"საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა... მარი სულ დალურჯებული დადიოდა და ეს იცოდა ყველამ!"

გარდაბანში ახალგაზრდა ქალი ქმარმა, სასტიკად ერთ-ერთ ავეჯის მაღაზიაში მოკლა. არსებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარს კონფლიქტი მაღაზიაში მოუვიდათ, ამის შემდეგ კაცმა ცოლს დასაკეცი დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა. დანაშაულში ბრალდებული ფოლად ალიევია და იგი დაკავებულია.
მოკლული 25 წლის ახალგაზრდა ქალი, მარიამ გახოკიძეა. როგორც მისი ახლობელი ჰყვება, "უბნელები ხშირად ამბობდნენ, რომ ქმარი ცოლზე ხშირად ძალადობდა".
"მარი საოცრად კარგი გოგო იყო. ბავშვობიდან ვიცნობდი. ურთულესი ცხოვრება აქვს გამოვლილი. გარდაბანში ცხოვრობდა მისი ოჯახი. დედამისი მარის მამას გაშორებული იყო და სხვა ქმარი ჰყავდა. მასთან ორი შვილი შეეძინა გოგო და ბიჭი. გოგო შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ამიტომ დედამისი 8 წელი იქნება რაც გერმანიაში ცხოვრობს იმ შვილთან ერთად.
მარიამი პატარა ასაკიდან იყო ძალადობის მსხვერპლი. მასზე მამინაცვალი ძალადობდა, სცემდა. ეს დედამაც იცოდა, მაგრამ დიდი რეაქციები არ ჰქონდა. ამ მოძალადე მამინაცვალს რომ გასცლოდა ამიტომ გაჰყვა ვფიქრობ იმ ბიჭს. ის ქმარი დასდევდა, მოსწონდა მარი და გაჰყვა ცოლად. ქმარი მარიზე ბევრად უფროსია, ეს მისთვის მეორე ქორწინება იყო.
მარის ხშირად ვხვდებოდი, პირველი შვილი რომ შეეძინა, მეუბნებოდა, რომ კარგად იყვნენ და ბედნიერი ჩანდა, მაგრამ მერე შეიცვალა ვითარება. ეს ქმარი ეჭვიანი იყო და ხშირად იყო ძალადობის მსხვერპლი ეს გოგო. ბევრჯერ მინახავს დალურჯებული. ბევრჯერ გაქცეულა სახლიდან, იძახებდა ტაქსს და გარბოდა ბებიასთან წალკაში. მერე ისევ რიგდებოდნენ. ბევრჯერ აქვს მიმართული პოლიციისთვის, საქმის კურსში იყო პოლიცია, მაგრამ ეს შემაკავებელი ორდერი არაფერს ცვლიდა. როგორც ვიცი, ქმარს ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა. სულ ქუჩაში, ბირჟაზე იდგა. ძალიან კარგი მშობლები და-ძმა ჰყავს ამ ბიჭს, თვითონ არის მოძალადე და უვარგისი.
ბევრჯერ გაატანინეს საჩივარი გარდაბნის პოლიციიდან ამ გოგოს. მარის გარეთაც არ უშვებდა, ბოლო დროს იშვიათად ვხედავდი ეზოში. ცოტა ხნის წინ შევხვდი მის ქმარს და თქვა, მარი აპირებს გერმანიაში წასვლას და თუ წავიდა ჩემი ცოლი, უკან აღარ დაბრუნდებაო. ბოლოს მარი დედამისთან რომ წავიდა, ბოლოს გაშორებულები იყვნენ. არ ვიცი რატო დაბრუნდა მერე.
ინფორმაცია, რომ მკვლელობის დღეს რაღაცას ყიდულობდნენ ერთად არასწორია. მაღაზიაში შეხვდა გუშინ ქმარი და შერიგებას სთხოვა და მარი წინააღმდეგი იყო. ეს გახდა ჩხუბის მიზეზი. გაიყვანა საწყობში, იქვე უკან და მიაყენა გოგოს 17 ჭრილობა. მერე ჩაბარდა პოლიციას ეს მკვლელი. ხალხის თვალწინ მოხდა ჩხუბი, რატომ არ მიეშველა არავინ არ ვიცი. ყველას ეშინოდა მისი, რადგან ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და არ იყო ადეკვატური", - განუცხადა "ამბებს" მოკლული ქალის ახლობელმა.
