სად არის და როგორ გრძნობს თავს ირანული კლუბის ქართველი ფეხბურთელი გიორგი გველესიანი? - "ინტერნეტი არ არის

ირანში შექმნილ მძიმე ვითარების გამო, სულ უფრო სახიფათო რჩება ამ ქვეყანაში ცხოვრება. დავინტერესდით, სად არის და როგორ გრძნობს თავს, ირანული "სეპაჰანის" ქართველი ფეხბურთელის გიორგი გველესიანი? - გვესაუბრება მისი მეუღლე ლინდა კიკოლაშვილი:
- გიორგისთან არაფერი შეცვლილა, ამჟამად ირანში იმყოფება და არის უსაფრთხოდ. აქტივისტებს კონკრეტული დროები აქვთ გამოყოფილი, ძირითადად საღამოს ხდება გამოსვლები - 4-5 საათის განმავლობაში. დღე სიმშვიდეა. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ მშვიდობა იქნება. ირანელი ხალხი თავის დამსახურებულ თავისუფლებას მიაღწევს, რაშიც სულიერად გვერდში ვუდგავართ და ძალიან ვგულშემატკივრობთ.
ირანში ინტერნეტკავშირი არ არის და გიორგის საელჩოს მეშვეობით ვეკონტაქტებით. საქართველოს საელჩო ოპერატიულადაა ჩართული - კონტაქტზეა ჩვენთან - როგორც ოჯახის წევრებთან, ისე გიორგისთანაც. მოკლედ, საფეხბურთო გუნდში მშვიდობაა და უკეთესის მოლოდინში ვართ.
- ანუ ირანში საქართველოს საელჩო უზრუნველყოფს თქვენს გიორგისთან დაკავშირებას?
- კი, უშუალო კონტაქტი გიორგისთან არ გვაქვს, ჩვენს კავშირს უზრუნველყოფს საქართველოს საელჩო. საერთოდ ირანში საქართველოს მოქალაქეები მრავლად არ ცხოვრობენ.
- და თვითონ გიორგი როგორ განწყობაზეა?
- როგორც გადმომცემენ, ნორმალურადაა და განწყობაც ასეთივე აქვს. მასთან პირადად, როგორც გითხარით, არ მისაუბრია. როგორც გადმომცეს, - მამხნევებს, მეუბნება, რომ არ ვინერვიულო და ყველაფერი რიგზეა. მთავარია, რომ უსაფრთხოდ არის.
- ვინაიდან თავადაც ხართ ირანში გიორგისთან არაერთხელ ნამყოფი და იქაურ ყოფის შესახებ ბევრი რამ იცით, - როგორი განწყობა იყო მანამდე ხალხში?
- ხალხს სწყუროდა თავისუფლება, განსაკუთრებით, ახალგაზრდებს, თუმცა არის ადამიანების კატეგორია, რომელთაც იქაური მდგომარეობა აკმაყოფილებს და ისინი უმცირესობაში არიან... ვფიქრობ, რომ მომწიფებული იყო ეს ყველაფერი, რაც ახლა იქ ხდება, რადგანაც, ჩემი გადმოსახედიდან ვიტყვი, დიდ შეზღუდვებში ცხოვრობენ.
- დღეს მსოფლიოს ყურადღება ირანისკენაა მიპყრობილი და ირანთან დაკავშირებით ყველა თავის დასკვნას, შეფასებას აკეთებს იმაზე, როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები. თქვენ რას იტყვით?
- ვფიქრობ, რომ თუ გარე ძალების დახმარება არ მოხდა, აქტივისტებს ლოკალურად გაუჭირდებათ, რადგან ხელისუფლებისგან დიდ წინააღმდეგობას ხვდებიან. რატომღაც მგონია, რომ აქტივისტებსაც გარე ძალების დახმარების იმედი აქვთ...
