"ბინაში მოტყუებით აიყვანეს და მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს, ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული 32 000 ლარის ოდენობის დავალიანების დაფარვა" - დანაშაულის დეტალები

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი პირი - წარსულში მკვლელობისთვის ნასამართლევი, 1987 წელს დაბადებული, გ.ბ. და 1977 წელს დაბადებული მ.შ. დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
- "გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წარსულში არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზეზით, 1979 წელს დაბადებული მ.წ. თბილისში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მოტყუებით აიყვანეს, სადაც სიცოცხლის მოსპობისა და ძალადობის მუქარით 6 000 ლარი გამოსძალეს. მ.წ-ს ბრალდებულებმა ასევე მოსთხოვეს მათ სახელზე არსებული ფინანსური დავალიანების დაფარვა, რაც 32 000 ლარს შეადგენდა.
-
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა გ.ბ. და მ.შ. ბრალდებულების სახით დააკავეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
