ფარცხალაძე - "ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორი" - როგორია ძმები მიქაძეების პოზიცია?

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას, რომლის მიხედვითაც "ოთარ ფარცხალაძე ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობის ორგანიზატორია", თბილისის ცენტრში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებული ძმების, დავით და გიორგი მიქაძეების ადვოკატები ეხმიანებიან.
შორენა ნიქაბაძე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საქმეში მიქაძეების მიმართ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც არ არის მტკიცებულებები. რაც შეეხება დაპირისპირების მოტივს, უფლებადამცველის თქმით, ფაქტი, რომ ძმები მიქაძეები ლევან ჯანგველაძეს ბიზნესინტერესის გამო დაუპირისპირდნენ, არ დასტურდება.
დავით და გიორგი მიქაძეების მიმართაც სისხლის სამართლის საქმეში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტითაც არ არის მტკიცებულებები და არ ვიცი ახლა, ოთარ ფარცხალაძის მიმართ მითუფრო რა უნდა ჰქონდეთ ერთი მიხეილ ბერძენიშვილის და კოკა მორგოშიას ჩვენების გარდა?
მეტს ვერაფერს გეტყვით, საერთოდ მტკიცებულება არ არსებობს, რომ რამე დანაშაულთან დაკავშირებით ვინმეს ვინმესთან კავშირი ჰქონდა ან გარდაცვლილთან ჰქონდა რომელიმეს გადაკვეთა.
რა ბიზნესინტერესებზეა საუბარი, ერთი ფურცელი ვერ იქნა საქმეში ჩადებული და ჰაერიდან მოტანილ ინფორმაციაზე მე რა კომენტარი გავაკეთო, - ამბობს შორენა ნიქაბაძე.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას, დანაშაულებრივი ჯგუფის უპირობო ლიდერი – ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა.
გეკა გელაძის უწყების თქმით, საქართველოს ყოფილი პროკურორის მითითებითა და დავალებით, ძმები დავით და გიორგი მიქაძეები, თავის მხრივ დაუკავშირდნენ მათ მეგობარს და ნდობით აღჭურვილ გიორგი ჯოხაძეს, რომელსაც მკვლელობის ჩადენის შესახებ გეგმა გაანდეს. დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, დაგეგმილი შეკვეთილი მკვლელობის ჩასადენად, მათ მიერ მოძიებული იქნა გიორგი ჯოხაძის დაცვის ყოფილი თანამშრომელი გელა უძილაური.
- ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, „კანონიერი ქურდის“ ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე ბრალი წარედგინება.
- ამის შესახებ , 29 დეკემბერს, ბრიფინგზე განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ. მისი განმარტებით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე სრულად გახსნილია.
