„ბანკები არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში - მოთხოვნა ფულზე მნიშვნელოვნად არის შენელებული“ - გოგა ხიშტოვანი

„ბოლო 1 წელიწადში საქართველოში მოთხოვნა ფულზე მნიშვნელოვნად არის შენელებული (განსაკუთრებით, ბიზნესის მხრიდან)“, - ამის შესახებ ეკონომისტი, „ილიაუნის” სრული პროფესორი გიორგი ხიშტოვანი სოციალურ ქსელში წერს და საბანკო სფეროში ბოლო პერიოდში არსებულ ტენდენციებზე საუბრობს.
როგორც ეკონომისტი აღნიშნავს, ბანკები არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში. მისი პოზიციით, შექმნილ ვითარებაში საბანკო სექტორი ინფლაციის 3%-მდე ჩამოსვლას, შემცირებულ მონეტარულ განაკვეთსა და დაკრედიტების გააქტიურებას ელიან.
„პირველ რიგში, არა, სურათზე არ ხედავთ ეკონომისტის მიერ დახატულ უშბას უშნო ნახატს.
ეს არის საქართველოში საბანკო სექტორის პორტფელის ზრდის ტემპის დინამიკა ბოლო სამ წელიწადში (უფრო ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ, ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამური ნაშთის ზრდის დინამიკა).
- პორტფელის ზრდის ტემპის პიკი 2024 წლის მაისში გვქონდა 19%-იანი ზრდით;
- მას შემდეგ, 2025 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ზრდის ტემპი შემცირებულია 12,7%-მდე.
- უკანასკნელ 4 წელიწადში, მხოლოდ ერთხელ, 2022 წლის დეკემბერში გვქონდა ზრდის ასეთი დაბალი მაჩვენებელი (12,1%); ასევე, შედარებისთვის, კოვიდის დროს, პორტფელის ზრდის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 7,7%-ს შეადგენდა 2021 წლის მარტში;
- არსებული ზრდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა სამომხმარებლო სესხების პორტფელის 22%-იანი ზრდა (რასაც, თავის მხრივ, საყურადღებო მოვლენად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი თავის 3 დღის წინანდელ განცხადებაში);
- ზრდის ტემპის შემცირებულია SME და იპოთეკური დაფინანსების ნაწილში (11,6% და 10,8% შესაბამისად); საყურადღებოა პორტფელის ზრდის ძალიან დაბალი ტემპი დიდ ბიზნესში - 4,8%; ხოლო ყველაზე მაღალი ზრდა სალომბარდო სესხების პორტფელში გვხვდება (33%).
ამ სურათიდან კარგად ჩანს, რომ ბოლო 1 წელიწადში საქართველოში მოთხოვნა ფულზე მნიშვნელოვნად არის შენელებული (განსაკუთრებით, ბიზნესის მხრიდან).
(ცალკე პარადოქსული ისტორია გამოდის, როდესაც „ქართული ოცნება“ ქვეყანაში ეკონომიკური ბუმის არსებობაზე საუბრობს, ხოლო მოთხოვნა ფულზე ეკონომიკაში ასეთი ტემპით მცირდება)
ხოლო, ბანკინგში ამ გაუარესებულ სიტუაციაზე გამოძახილია:
- საბანკო სექტორის პირდაპირი და ირიბი მტკიცება/მოთხოვნა, რომ ინფლაცია დროებითია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი აუცილებლად შესამცირებელია;
- დეველოპმენტის სფეროს მხრიდან მოთხოვნები, რომ გამარტივდეს დაკრედიტების პირობები პოტენციური იპოთეკარებისთვის;
- დოლარის რეზერვების გაზრდილი მაჩვენებლები.
რომ შევაჯამო, ბანკები არ არიან სახარბიელო მდგომარეობაში. ახლა ისინი ეროვნულ ბანკთან ერთად ელოდებიან, რომ ინფლაცია ჩამოვა 3%-მდე და ამის შემდეგ, შემცირებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის პირობებში, დაკრედიტება ისევ ამოიქოქება.
მე არ ვიქნებოდი ასე ოპტიმისტურად განწყობილი, რადგან, მგონია, რომ ე.წ. ბიზნეს-კონფიდენსი უკვე საკმაოდ შერყეულია ქვეყანაში (რაზეც წელს ქვეყნის მთავარ სექტორებში გამოშვების საკმაოდ სუსტი მაჩვენებლები მეტყველებს) და თუნდაც დაფინანსების მცირედით გაიაფება ვერ მოახერხებს მის სწრაფად აღდგენას. დანარჩენს, უნდა დავაკვირდეთ“, - წერს გოგა ხიშტოვანი სოციალურ ქსელში.
