უამინდობა საქართველოში: მოსალოდნელია ქარბუქი, თოვლი, ნისლი - გზის რომელ მონაკვეთებზე მოქმედებს შეზღუდვები

გუშინ საღამოდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ამინდი გაუარესდა, ტემპერატურამ დაიკლო. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 დეკემბრის დილამდე საქართველოში (ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში) მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ქვეყნის მთიან რაიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული.
13-14 დეკემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელი დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარბუქის და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა (საფრთხის დონე საშუალო).
- უამინდობის გამო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია:
რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, ნამქერები) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(საღორია)-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ50-კმ89 (საირმე-აბასთუმანი) მონაკვეთზე და წყალთაშუა-ზეკარის საავტომობილო გზის კმ11-კმ27 მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ასევე ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზე შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
