“7 თვის ფეხმძიმე იყო, მე-4 შვილს ელოდა... ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს“ - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ჩოხატაურში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალის შესახებ

დღეს ცნობილ გახდა, რომ ჩოხატაურში, სოფელ ბუკნარში, ფეხმძიმე ქალი გარდაიცვალა. ლოლიტა პაპავას გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
- ამ ტრაგედიასთან დაკავშირებით ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში წერს:
"ბუკნარში, მრავალშვილიანი ფეხმძიმე ქალის გარდაცვალებამ, კიდევ ერთხელ, მთელი ტრაგიზმით წარმოაჩინა პრობლემა, რომლის მოგვარებასაც უკვე რამდენიმე წელია ვცდილობდით, მოვითხოვდით, ვემუდარებოდით ყველას, ვისაც კი ხელეწიფება, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში აღდგეს სამეანო-გინეკოლოგიური მომსახურება. თვითმმართველობა უძლურია კერძო სექტორი დაარწმუნოს აღნიშნული მომსახურების კრიტიკულ აუცილებლობაში, არაერთხელ ვცადე, მაგრამ უშედეგოდ. კომერციული მდგენელის უპირატესად წარმოდგენა ჯანდაცვის სფეროში არაა მართებული და ასეთი ლეტალური შედეგებისგან დამზღვევი. ისეთ მაღალმთიან მუნიციპალიტეტში, როგორიც ჩოხატაურია სამეანო- გინეკოლოგიური სერვისის მიწოდება უნდა აღდგეს, სანამ ურემი კიდევ ერთხელ არ გადაბრუნებულა.
ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს და ახლობლებს“, - წერს ირაკლი კუჭავა სოციალურ ქსელში.
ჩოხატაურის სოფელ ბუკნარის მკვიდრი AMBEBI.GE-თან ტრაგედიის შესახებ საუბრობს:
“ლოლიტა პაპავა 7 თვის ფეხმძიმე იყო, მე-4 შვილს ელოდა. მის ოჯახს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს. ძალიან კარგი ახალგაზრდა ქალი იყო, როგორ გვენანება...
ლოლიტა ცუდად გახდა, მდგომარეობა დაუმძიმდა და კლინიკაში, ფაქტობრივად, მკვდარი მიიყვანეს. ორსული ქალი და მისი შვილიც კერძო კლინიკაში - „ჯანმრთელობის სახლი გურიაში“ გარდაიცვალა. არ ვიცით, რა მოხდა კონკრეტულ შემთხვევაში, სავარაუდოდ, ნაყოფი მოწყვეტილი იყო და ქალს პერიტონიტი განუვითარდა“, - ამბობს გარდაცვლილის ახლობელი.
როგორც შსს-ში გვითხრეს, საქმეზე გამოძიება 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
