ხობში კაცს ეძებენ - რა ეჭვები აქვს ოჯახს?

ხობში კაცს ეძებენ - მამუკა კორტავა სოფელ შუა ხორგაში 2 ნოემბრიდან დაკარგულად ითვლება. ახლობლების თქმით, მამაკაცი იმ დღეს სახლიდან გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
სამძებრო სამუშაოები უკვე 25 დღეა მიმდინარეობს როგორც რეგიონში, ისე ქვეყნის მასშტაბით. პროცესში ჩართულნი არიან კინოლოგები, გამოიყენება დრონებიც. ამ დროისთვის მისი მოძებნა ვერ ხერხდება.
ოჯახის ახლობლები აცხადებენ, რომ კორტავას გაუჩინარებამდე საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ. მიუხედავად ამისა, პირველებთან საუბრისას ოჯახის ახლობელი ამბობს, რომ შესაძლოა მამაკაცი გაიტაცეს.
ახლობლის ნაამბობის მიხედვით, დაკარგულის ვალი თანასოფლელს ჰქონდა. ამავე პირის ავტომობილი კორტავას გაუჩინარებამდე სამი დღით ადრე უჩვეულო გარემოებებში დაიწვა. გაუჩინარებული კაცის ახლობლების ვარაუდით, ავტომობილის მფლობელს შესაძლოა ეჭვი კორტავაზე მიეტანა და ამ მიზეზით გაეტაცებინა. თუმცა, როგორც თავადვე აღნიშნავენ, ეს მხოლოდ ერთ-ერთი ვარაუდია და სხვა გარემოებებსაც არ გამორიცხავენ.
