„ოცნებამ“ უცხოეთში საარჩევნო უბნების დახურვა დაამტკიცა - ემიგრანტები სამართლებრივ ბრძოლას იწყებენ

პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე მისცენ ხმა საპარლამენტო არჩევნებში. ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლები გადაწყვეტილებას სხვადასხვა არგუმენტით ამართლებდნენ, მათ შორის უცხოეთში გადმორიცხული თანხების მოცულობითაც. დეპუტატების ნაწილმა აღნიშნა, რომ ემიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები „ბიუჯეტში არ შედის და ოჯახებს ხმარდება“.
ამ ცვლილებებით შეზღუდვა შეეხება ასიათასობით საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში ცხოვრობენ და ფიზიკურად ვერ ახერხებენ ერთი დღით საქართველოში ჩამოსვლას. თავად „ქართული ოცნების“ არაერთ დეპუტატს ჰყავს ემიგრაციაში მყოფი ოჯახის წევრები, თუმცა მათ განმარტეს, რომ ეს გადაწყვეტილება საერთო რეგულაციას ეხება და ინდივიდუალური გამონაკლისები არ არსებობს.
ემიგრანტების ნაწილი ამბობს, რომ ეს ცვლილება მათ შორს ყოფნის პირობებში არჩევანის უფლებას უსპობს. ისინი აღნიშნავენ, რომ ზოგჯერ საკუთარი ოჯახის წევრების სანახავადაც ვერ ბრუნდებიან ქვეყანაში, მითუფრო - არჩევნებისთვის. მოქალაქეები ამზადებენ სამართლებრივ ნაბიჯებს და აცხადებენ, რომ საკუთარი უფლებების დაცვისთვის სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.
