"ზოია საკუთარმა სილამაზემ დაღუპა! ...ჩაქოლვას გადაურჩა, მაგრამ ფსიქიკა შეერყა" - სევდიანი ისტორია ქალზე, რომელსაც თბილისის ქუჩებიდან ბევრი იცნობს: "შაშიანელი მარიტას" ამბავი

თბილისის ქუჩებში თუ არა, სოციალურ ქსელებში ერთხელ მაინც შეხვდებოდით ფოტოზე აღბეჭდილ ასაკოვან ქალს, რომელიც თავისი გამორჩეული გარეგნობით ყველას ყურადღებას იპყრობს. ფერად სამოსში გამოწყობილ მოხუცს ძველი სილამაზე კვლავ აქვს შემორჩენილი.ერთი შეხედვით უდარდელი ქალის მიღმა დგას ადამიანი, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს.
70 წელს გადაცილებული, ზოია წიკლაური კახეთიდან, სოფელი შაშიანიდანაა. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ ქალი დაახლოებით, ოცი წელია სოფელში აღარ გამოჩენილა.
"ხომ წარმოგიდგენიათ, რამდენი თაყვანისმცემელი ეყოლებოდა! თავად კი მხოლოდ ერთი უყვარდა და ცოლადაც მას გაჰყვა - სოფელ მუკუზანში გათხოვდა თავისავით ლამაზ ბიჭზე, თამაზ ანჩაბაძეზე. ხედავთ? ზოიას ქმრის გვარ-სახელიც კი მახსოვს. ალბათ, იმიტომ, რომ მართლაც ულამაზესი წყვილი იყო და რომ არა ის დაწყევლილი შემთხვევა, რაც იმ ღამეს მოხდა, ალბათ, ბედნიერები იქნებოდნენ დღესაც. მათი ბედნიერება ბედისწერას არ სურდა - გამოჩნდა კაცი, რომელიც ზოიას ხელში ჩაგდების სურვილს ვერ მოერია და ამ ორს ცხოვრება დაუნგრია.
ზოია ვეტერინარი იყო, ის კაცი კი მის გვერდით მუშაობდა და ქალი ისე უყვარდა, მის ხელში ჩასაგდებად ყველა საშუალებას იყენებდა. ბოლოს ზოიას ქმარსაც კი დაუახლოვდა, მისი წასვლა-მოსვლისაც ყველაფერი იცოდა, ზოიას კი, ალბათ, ამ ამბის ქმრისთვის გამხელა უჭირდა, ვერ ბედავდა... ამასობაში, ერთ ღამეს, როდესაც ზოიას ქმარი შინ არ იყო და, წესით, არც უნდა დაბრუნებულიყო, ეს კაცი დათვრა და შუაღამისას მძინარე ქალს მიადგა, მაგრამ რადგან სახლის კარი დაკეტილი დაუხვდა, ფანჯარაში დააპირა გადაძრომა. სწორედ იმ დროს და, ალბათ, ბედისწერის გამოც, ზოიას ქმარი შინ დაბრუნდა და კაცს თავზე დაადგა...
ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცის. ისიც ბევრს ახსოვს, მაშინ იმ სახლში რა დატრიალდა. ზოიას ქმარს "სტუმარი" კინაღამ ცემისას შემოაკვდა, თუმცა ცოლისათვის თითი არ დაუკარებია, მხოლოდ რამდენიმე სიტყვა უთხრა - ახლავე ადექი, ჩაიცვი და შენს მშობლებთან წადი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. და იმ ღამესვე მუკუზნიდან შაშიანში ქალიშვილი და შვილიშვილი თავადვე გადმოუყვანა ზოიას დედ-მამას, რომლებიც ელდით მალევე დაიხოცნენ. ბავშვი სულ ორი წლის იყო, როდესაც ეს ამბავი მოხდა.
როგორც ვიცი, მამა ბავშვის სანახავად ხშირად დადიოდა, მაგრამ ზოიას ნახვას ყოველთვის ერიდებოდა. აღარც ზოიას უნდოდა მასთან შეხვედრა, სულ ოთახში იყო ჩაკეტილი. შეიძლება, დარდმა ისე შეცვალა, იმ სახით არც კი სურდა, ყოფილ ქმარს დანახვებოდა, ანდა, იქნებ საყვარელი ადამიანის უნდობლობამ სამუდამოდ გაუბზარა გული... მახსოვს, როგორ გავიგონე ერთხელ მეზობლების ჩურჩული, ზოია შეიშალაო, რაც ჩვენთვის, ბავშვებისთვის, საშინელი ამბავი იყო...
როცა დამამშვიდებელ წამლებს სვამდა, არავის ვნებდა, პირიქით, ბავშვებს სულ გვეფერებოდა. ერთხელ მახსოვს, გზაზე გამოგველაპარაკა - ნახეთ, თონის პურის რა კარგი სუნია, ნეტავი ვინ აცხობსო. ჩვენც სასწრაფოდ გავიქეცით ცხელი პურის მოსატანად, მაგრამ უკან ცხელი პურით რომ დავბრუნდით, ზოია უკვე აგრესიულად დაგვიხვდა. სხვა ბავშვებმა გვითხრეს, თქვენ რომ პურისთვის წახვედით, გზაზე ორმა ქალმა ჩამოიარა, ერთმა ჩაილაპარაკა, ვაიმე, ეს უბედური რა ლამაზი იყო და რას დამგვანებიაო. ეს გაიგონა და გაგიჟდაო...
ამბობდნენ|, ქალმა თუ არ მისცა საბაბი, კაცი მასთან ახლოსაც ვერ მივა, ესე იგი, იმ კაცს საბაბი ჰქონდა, იმიტომაც მიადგა შინო, მაგრამ სხვები ხომ ხედავდნენ, რომ ზოია გათხოვებამდეც ასკეტივით ცხოვრობდა და გათხოვების შემდეგაც. ზოგიერთი ამ ამბავს ასე "ხსნიდა": საწყალს თავისმა ვეტერინარმა თანამშრომლებმა პირუტყვის აღსაგზნები წამალი დაალევინეს, რომ ქმრის გარდა სხვაც შეჰყვარებოდაო.
ჩვენს სოფელში ბიძა-ბიცოლა ჰყავდა, რომლებიც მის შვილსაც პატრონობდნენ. ულამაზესი ბიჭი დადგა, მაგრამ ბედისწერა მასაც დაეწია და არია. აფხაზეთის ომი რომ დაიწყო, "მხედრიონში" გაერთიანდა, მათთან ერთად წავიდა სოხუმში, სადაც პირველივე დღეებში შეიწირა მტრის ტყვიამ. ბავშვი ისე ჩამოასვენეს და დაკრძალეს, ზოიას არც გაუგია - უკვე გამქრალი იყო სოფლიდან და ყველას, მათ შორის - შვილსაც გარდაცვლილი ეგონა.
კაცი, რომელიც ზოიას ცხოვრების დამხობის მიზეზად იქცა, ისე გარდაიცვალა, სიხარული არ ღირსებია, ყველა თავისი საყვარელი ადამიანის სიკვდილს მოესწრო. ზოიას ქმარმა მოგვიანებით ცოლი შეირთო, მაგრამ ცხოვრება ვერ ააწყო, პირიქით, სმას მიეძალა და ცოლთან გამუდმებული კონფლიქტი ჰქონდა... ბოლოს საკუთარ სახლში რამდენიმე დღის გარდაცვლილი იპოვეს. თავში რაღაც მძიმე საგნის კვალი ჰქონდა. ბევრმა ეს ამბავი ცოლს დააბრალა, ის მოკლავდა, ხშირად ჩხუბობდნენო, ცოლმა კი, რომელიც ამ დროს თბილისში იყო, პოლიციას უთხრა, ალბათ, დათვრებოდა, წაიქცეოდა და თავადვე დაარტყამდა თავს რაიმესო. მოკლედ, ყველას ცოდვის კალო დაუტრიალდა, ვისაც ზოიას უბედურებაში ოდნავ მაინც ხელი ერია...
