"თორნიკე რიჟვაძე საქართველოში ბრუნდება და გააკეთებს განცხადებას" - ალეკო ახვლედიანი

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის განცხადებით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოში უახლოეს დღეებში ჩამოვა. აღნიშნულის შესახებ ახვლედიანმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.
„ჩემს პოზიციას ვინარჩუნებ, თავს დამნაშავედ არ ვცნობ. ძალიან ბევრი ნიუანსის გამო არ ვცნობ თავს დამნაშავედ. სასამართლო ყველაფერს დაადგენს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
კითხვაზე, როგორც რიჟვაძის მეგობარს, ხომ არ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მასაც სთხოვდნენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას, ახვლედიანმა უპასუხა, რომ „მსგავსი ინფორმაცია არ გააჩნია“.
კითხვაზე, უსაუბრია თუ არა მას ამ თემაზე მეგობართან, ან იცოდა თუ არა კორუფციის გარშემო დაწყებული გამოძიებების შესახებ რიჟვაძემ, ახვლედიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.
„მაშინ არანაირი გამოძიება დაწყებული არ იყო და როგორც ვიცი, დღემდე არც თორნიკეს მიმართ არ არის არანაირი კითხვები და არანაირი გამოძიება არაა დაწყებული“, - განაცხადა ახვლედიანმა.
