"მაბრალებდა, მამაშენის ძმაკაცს გაჰყევი ცოლადო... ერთადერთი მოძალადე ვიცი და მას ხათუნა ჰქვია" - ლუკა კურტანიძის მეუღლე

"ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ელდარ კურტანიძე მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობაში რჩება.
როგორც კურტანიძის ადვოკატმა, ივანე მეფარიშვილმა "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ელდარ კურტანიძე წაყენებული 4 ბრალიდან ერთს - ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას აღიარებს, ხოლო დანარჩენს სამს არა.
კურტანიძის ცოლი, "ტიკტოკერი" სოფო მეფარიშვილი ამტკიცებს, რომ მისი ქმარი მსხვერპლია.
"მე ერთადერთი მოძალადე ვიცი და მას ხათუნა ჰქვია. ის ჩემზე ძალადობდა პირველ რიგში. როგორ ფიქრობთ, რას ნიშნავს, როცა ადამიანი გაბრალებს, რომ მამაშენის ძმაკაცს გაჰყევი ცოლადო. ჩემი მეუღლე იყო მსხვერპლი. ხათუნა არ არის დასაცავი", - განაცხადა მეფარიშვილმა "პირველებთან" სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.
როგორც ადვოკატმა განმარტა, "ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე საკუთარ ქმედებას ინანიებს და "შენდობას ითხოვს“.
“ლუკა კურტანიძეს 4 ნაწილით აქვს ბრალი წაყენებული. ეს არის ძალადობა ოჯახის წევრის მიმართ, ნივთის დაზიანება, საკუთრების მფლობელობის დარღვევა და შემაკავებელი ორდენის დარღვევა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ჩვენ სამ ნაწილში ბრალს არ ვაღიარებთ. ელდარ კურტანიძემ აღიარა და ჩვენც ვაღიარებთ 126-ე ნაწილს, რაც ძალადობას გულისხმობს. მიგვაჩნია, რომ იყო ძალიან დიდი პროვოკაციის მსხვერპლი დაზარალებულის მხრიდან და ინანიებს თავის ქმედებას. მიაჩნია, რომ არაპროპორციულად უპასუხა, გარკვეული ფიზიკური შეხება მოხდა და არა იმ ფორმით, რომ მძიმე დაზიანება მიეღო ქალბატონ ხათუნას, მაგრამ იყო ძალიან მძიმე პროვოკაციის მსხვერპლი. ამ პროვოკაციაზე მისი პასუხი იყო არაპროპორციული და ფიქრობს, რომ თავი მეტად უნდა შეეკავებინა. საზოგადოებისა და მართლმსაჯულების წინაშე ინანიებს საკუთარ ქმედებას. როგორც საჯარო პირი, როგორც დამსახურებული ადამიანი, როგორც გარკვეული ავტორიტეტის მქონე და გარკვეული მისწრაფებების მქონე ადამიანი ითხოვს შენდობას საზოგადოებისგან და განიცდის მის ამ ქმედებას. ამ ნაწილში თავს დამნაშავედ ცნობს“,- განაცხადა ივანე მეფარიშვილმა.
