ლილიანას ოპერაცია წარმატებით დასრულდა - თურქი ექიმის დახმარებით, კიდევ ერთი ქართველი გოგონას ტრანსფორმაცია შედგა

არც ისე დიდი ხნის წინ გულშემატკივრობდა მთელი საქართველო 16 წლის მარიამ კოხრეიძის ოპერაციას თურქეთში. გოგონა ცნობილი ქველმოქმედის, დანტესის (დავით ოქროპილაშვილის) და ექიმი მედეა იობაშვილის ორგანიზებით, საზოგადოების მიერ შეგროვილი თანხის დახმარებით წაიყვანეს თურქეთში.მისი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა - ორი ოპერაცია გახდა საჭირო, „ყბის გახსნა“ და პროთეზების დაყენება. მაშინ თურქმა ექიმმა ალთან ვაროლმა ჰონორარზე უარი თქვა და ისე მოკიდა ხელი მარიამის გარდასახვას.
ამჯერად კი დანტესის და მედეას დახმარებით და საზოგადოებისგან შეგროვილი თანხის მეშვეობით, კიდევ ერთი გოგონა, 21 წლის ლილიანა გოჭოშვილი გარდაისახა. ლილიანამ თავად მიმართა დანტესს მარიამის ოპერაციის შემდეგ. მხატვარი გოგონა ანკილოზის დიაგნოზით, სოფელ ფლავისმანიდან, თურქეთში წაიყვანეს ექიმ ალთან ვაროლთან და სულ ახლახან გავრცელებული ფოტოების თანახმად, მისი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
