“მე შემიძლია ვიშვილო” - მამა ლევანი კასპში, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილზე

კასპის წმინდა გიორგის ტაძრის მღვდელი, მამა ლევანი სოციალურ ქსელში წერს, რომ კასპშო, ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ქალის შვილს იშვილებს:
"მას ვინ გააცოცხლებს. ვერავინ. არ ყავს დედმამიშვილები, მამა. იმას აღარც ვახსენებ. ალბათ ეხლა მთავარ საფიქრალად ბავშვი იქცევა. მე არ მაქვს ინფორმაცია ახლობლების შესახებ. თუ საჭიროდ ჩათვლით, ბებიას უთხარით რომ მე შემიძლია ვიშვილო. მართალია არ გვაქვს ძვირფასი სახლი, არც მდიდრები ვართ, მაგრამ როგორც ჩემი ოთხი შვილი აქამდე მოიყვანა ღმერთმა, მრწამს მასაც ისე გამაზრდევინებს."
ახალგაზრდა ქალი, რომელსაც კასპში, ყოფილმა მეუღლემ დაზიანებები მიაყენა და შემდეგ მისი დაწვა სცადა, საავადმყოფოში დღეს დილით გარდაიცვალა.
თათია ლომინაძეს მკურნალობა თბილისში, დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში უტარდებოდა, მას სხეულის თითქმის ნახევრის, 40-45%-იანი დამწვრობა აღენიშნებოდა და მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო.
ცნობისთვის, დანაშაული კასპში 25 სექტემბერს მოხდა. ზურაბ ბურდულმა თათია ლომინაძეს დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა. დაზარალებული მძიმე ხარისხის დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცავებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა,19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებებში, ჩადენილი ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის გამო, ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ზურაბ ბურდულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
