ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი, ფაქტობრივად, გაქრა . მეწყერის გამომწვევი მიზეზები

სოციალურ ქსელში გავრცელებულმა ფოტოებმა საზოგადოება შეძრა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ხემაღალსა და ღვერკში მიწა დანაპრალებულია, გზები ჩავარდნილი, სახლები კი დაცარიელებული. ფოტოები სოციალურ ქსელში მარადი გელაშვილმა გამოაქვეყნა. ის წარმოშობით სოფელ ღვერკიდანაა, მაგრამ ახლა თბილისში ცხოვრობს. ინტერვიუზე სწორედ მას დავუკავშირდი, რათა უშუალოდ მისგან მოგვესმინა, რა მოხდა სინამდვილეში.
მარადი გელაშვილი დეტალურად გვიყვება, როგორ დაიწყო ეს ტრაგედია მაისის ბოლოს, როდესაც მიწის პირველი ბზარები გაჩნდა და როგორ იქცა ეს ბზარები ნელ-ნელა დამანგრეველ მეწყრულ პროცესებად. მისი თქმით, ამ ტრაგედიის მთავარი მიზეზი, სავარაუდოდ, რკინიგზის მშენებლობაა, რომლის ფარგლებშიც მთის ფერდობზე აფეთქებითი სამუშაოები მიმდინარეობდა
- ორივე სოფელში დაახლოებით 107 ოჯახი ბედნიერად ცხოვრობდა. ძირითადად ბიძაშვილები, არამარტო ხემაღალში, ღვერკშიც იგივე მდგომარეობაა და ზოგ მონაკვეთში უარესი. პირველად ბზარები 26 მაისს შენიშნეს საკუთარ ნაკვეთებში, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევიათ. 1-ელ ივნისს პირადად მე შევამჩნიე ორი ჩავარდნილი მონაკვეთი ჩვენი სოფლის გზაზე. ვენახი გავაშენე და ხშირად მიწევდა იქ ასვლა. მახსოვს, მანქანით რომ ავდიოდი, რაღაც მონაკვეთზე გაუჭირდა. რომ გადმოვედი მანქანიდან, ვნახე რომ ბზარები იყო. ერთ კვირაში ბზარები ბევრგან გაჩნდა
- 95%-ით დარწმუნებული ვარ რკინიგზის გაყვანის ბრალია. არ გვინდა, რომ ჩვენც ვცდებოდეთ და ვინმე დავადანაშაულოთ. 2019 წელს რკინის მონაკვეთისთვის ფერდი ჩამოჭრეს, აფეთქებები მიმდინარეობდა, 2021-2022-ში კიდევ ისმოდა ხმები და შემდეგ მანდ დამთავრდა. 16 ივნისს ისევ ჩავედი, დავასურათე ყველაფერი, დავსვით ნიშნულები, გადავიღე ნაპრალები. შემდეგ ჩავედი გამგეობაში და სოფლის სახელით მოვთხოვე რეაგირება. 23 ივნისს ამოვიდა გეოლოგების პირველი ჯგუფი ხემაღალში და ხუთ დღეში ღვერკში. ნაპრალი მთის ჩამოჭრილი მონაკვეთიდან იწყება და ორ სოფელს უვლის და მდინარის პირას იკარგება. პირველი ჯგუფი პირად საუბარში გვიდასტურებდა, რომ შესაძლებელია ეს მართლაც რკინიგზაზე მიმდინარე სამუშაოების ბრალი იყო.
- რეკომენდაცია გაიცა, რომელ სახლებში აღარ უნდა ეცხოვრა ხალხს, რომელი იყო წითელი ზონა. ასევე ჩაწერეს რეკომენდაციებში რომ სადრენაჟეები უნდა გაკეთებულიყო, გამაგრებები, დროულად უნდა მოეხდინა რეაგირება სახელმწიფოს. ამის შემდეგ ერთი თვე დაიკარგა იმაში, რომ სახელმწიფოს ეპოვა კომპანია დამატებითი კვლევებისთვის. რამდენიმე კომპანიას შესთავაზეს და ეს კვლევები 600 ათასი ლარიდან ნახევარ მილიონ ლარამდე ჯდებოდა.