"გაყინული ბოთლი ბეჭებში მირტყეს, ერთმა-ორმა თავში ჩამარტყა და მერე ჩქმეტა დამიწყეს"

რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, 2 სექტემბერს დაკავებული მომიტინგე, ლუკა დევდარიანი სასამართლომ სამართალდამრღვევად ცნო და 500- ლარიანი სახდელი დააკისრა.
როგორც დევდარიანმა განმარტა, შსს მის მიმართ 60-დღიან ადმინისტრაციულ პატიმრობას ითხოვდა. მისივე თქმით, დაკავების შემდეგ მასზე პოლიციელებმა მანქანაში იძალადეს, ურტყეს თავში, გვერდებში და ჩქმეტდნენ.
„თეატრთან ვიყავით, დეპარტამენტის მანქანა არ გავატარეთ, მერე სხვა მანქანანიც რომ არ გავატარე, ხელი მომკიდეს და დამაკავეს. იქ მივიღე დაზიანება, მანქანაში თავში მირტყეს, გაყინული წყლის ბოთლი ჰქონდათ და ზურგში მირტყეს, მერე ჩქმეტა დამიწყეს, ახლაც მტკივა. მანქანაში ფარდები გადაწიეს, რომ ხალხს არ ენახა, მერე მიმიყვანეს განყოფილებაში, შემდეგ დიღომში.
„პადვალში“ წაგიყვანთ, იქ მაგრად გცემთ, როგორ გვაგინებდიო“, - განაცხადა დევდარიანმა.
კითხვაზე, აგინა თუ არა მან პოლიციელებს, დადებითი პასუხი გასცა.
„დიახ, ღირსი იყო, აბა რას ვიზამდი“, - განაცხადა დევდარიანმა.
ცნობისთვის, 2 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციის წინააღმდეგობის გაწევასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს, 23 პირი დააკავეს.