ფოტოებმა სოციალურ ქსელში დიდი შეშფოთება გამოიწვია.აშშ-ის პროვინციული ქალაქი ცაზე გამოჩენილმა უცნაურმა დისკმა შეაშფოთა - უცხოპლანეტელები თუ ნათება სრულიად ბანალური მიზეზით?

ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ბევრმა აღნიშნული მოვლენა უცხოპლანეტელთა ვიზიტს მიაწერა, ნაწილმა ზებუნებრივ მოვლენად მიიჩნია, აღმოჩნდნენ სკეპტიკოსებიც, რომლებმაც გავრცელებულ ფოტოებზე სახუმარო კომენტარები დაწერეს .
თუმცა მიზეზი ბევრად ბანალური - რაკეტის გაშვება აღმოჩნდა. Space.com-ის ცნობით, იდუმალი ობიექტი რაკეტა-მატარებელი Vulcan Centaur იყო, რომელიც United Launch Alliance-მა, ფლორიდაში მდებარე კეიპ-კანავერალის კოსმოდრომიდან გაუშვა... პენტაგონს მომხდარზე კომენტარი არ გაუკეთებია.
როგორც ეროვნული მონიტორინგის ჯგუფი იუწყება, 2025 წლის პირველ ნახევარში შტატებში 60-ზე მეტი ამოუცნობის მფრინავი ობიექტის დაფიქსირება მოხდა.
“ჩემი, როგორც მეცნიერისა და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანის პირველი რეაქცია არის ყოველთვის მოვძებნო მსგავსი მოვლენების ჩვეულებრივი ახსნა - იქნება ეს მეტეოროლოგიური, ადამიანური თუ აერონავტიკული ფაქტორი, რადგანაც ცაზე ნანახი ამოუცნობი ობიექტების უმეტესობა სწორედ ამგვარი ფაქტორებით არის განპირობებული", - განუცხადა მედიას ამერიკის საზღვაო ძალების გადამდგარმა კონტრ-ადმირალმა ტიმ გალაუდეტმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა მონაცემების გადამოწმების უდიდეს მნიშვნელობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც საქმე სამოქალაქო პირების მიერ შეცდომით აღქმულ ობიექტებსა და რეალურად უცნობ ანომალიური ფენომენების იდენტიფიცირებას შეეხება.
“ჩვენ ამოუცნობის შიში გვახასიათებს, ამიტომაც დამატებითი კვლევები არა მხოლოდ შეამცირებს მსგავს ფენომენებთან დაკავშირებულ სტიგმას, არამედ მათ იდუმალებით მოცულ სტატუსს საზოგადოებისთვის გასაგებ, აღიარებულ მეცნიერებად გარდაქმნის“, - დაამატა მან.