ადიდებული მდინარეები, დაზიანებული სახლები... - სტიქია რაჭაში: რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა და წვიმამ (ფოტოები)

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში სხვადასხვა სახის პრობლემა შექმნა. საგლოლოზე ელექტროენერგიის გადამცემი ანძა დაზიანდა და ამ დროისთვის ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ღებს, ჭიორას და გლოლას.
სოფელ ღებში ადიდდა მდინარე ლათქიშორა, თუმცა მოსახლეობისათვის ზიანი არ მიუყენებია. ვითარება კონტროლდება. ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
- სოფელ ჭიორაში მდინარე ლოღორული კალაპოტიდან ცენტრალურ გზაზე გადმოვიდა, რამაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება გამოიწვია. ამ დროისთვის ყველა სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე.
სოფელ წოლასა და ონჭევში ძლიერი ქარის გამო დაზიანდა საცხოვრებელი სახლები.
ონის მუნიციპალიტეტის მერი სერგი ხიდეშელი საკრებულოს თავმჯდომარე ბაჩანა მარკოიშვილთან და მოადგილე ლევან შერაზადიშვილთან ერთად, სტიქიით დაზარალებულ სოფლებში არსებულ ვითარებას გაეცნო.
"შესაბამისი სამსახურები დაზიანებულ უბნებზე აღდგენით სამუშაოებს აქტიურ რეჟიმში ახორციელებენ, რათა ელექრომომარაგება, რაც შეიძლება მოკლე ვადებში აღდგეს. პრობლემურ უბნებზე, მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და გეოლოგები, რომლებიც პროცესების 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებენ.
მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ონის მუნიციპალიტეტის მერის, სერგი ხიდეშელის განცხადებით, ზარალის აღწერა დაწყებულია, რის შემდეგაც მერია შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებს" - ნათქვამია ონის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.